სპეციალური ანგარიშები.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიში

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო მთელი მსოფლიოსთვის. სახელმწიფოებს საგანგებო რეჟიმში მოუწიათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების გამკაცრება და სხვადასხვა არასტანდარტული ზომების მიღება, რამაც მნიშვნელოვანი შეზღუდვების დაწესება გამოიწვია ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამ ფონზე, ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები ბუნებრივად გაიზარდა.

ახალი კორონავირუსი სიახლე იყო საქართველოსთვისაც, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიღებულ იქნა შესაბამისი ზომები, მათ შორის, შეიქმნა ისეთი არატრადიციული თავისუფლების შეზღუდვის ადგილები, როგორიცაა საკარანტინე სივრცეები. ვინაიდან, საკარანტინე სივრცეში პირის მოთავსებისას, ფიზიკური პირი ექცევა სახელმწიფოს წარმომადგენლების ეფექტური კონტროლის ქვეშ და ეს წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვას, 2020 წლის მარტი-მაისის პერიოდში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საკარანტინე სივრცეების მონიტორინგი განახორციელა.

პანდემიის მიუხედავად, სპეციალური პრევენციული ჯგუფი, მთელი წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით, აქტიურად განაგრძობდა დახურული დაწესებულებების საგანგებო მონიტორინგს. 2020 წელს 141 ვიზიტი განხორციელდა 109 თავისუფლების აღკვეთის/შეზღუდვის დაწესებულებაში. ვიზიტების მიზანი იყო შეგვეფასებინა თავისუფლების შეზღუდვისა და აღკვეთის ადგილებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიღებული ზომები და ამ ზომების გავლენა იქ მოთავსებული პირების უფლებებზე, მათი აუცილებლობა და პროპორციულობა, ასევე თანამშრომლების სამუშაო პირობების თაობაზე ინფორმაციის მიღება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)