პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის ანგარიში
ანგარიშში ასახულია ქვეყანაში თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში წამებისა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა. პენიტენციური სისტემის მიმართულებით შემუშავდა პენიტენციური სისტემის განვითარების 2019-2020 გეგმა. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის 2017 წლის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც წამებისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიების გაძლიერებისკენ იყო მიმართული, კვლავ შეუსრულებელია. მნიშვნელოვანი გამოწვევა და სერიოზული საფრთხის შემცველია კრიმინალური სუბკულტურა. ანგარიშში მიმოხილულია დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივად მოთავსების პრაქტიკა, უსაფრთხოების ზომების შესაბამისი დასაბუთების გარეშე ჩატარება, რეაბილიტაციის ღონისძიებების სიმცირე, დაწესებულებებში არსებული გადატვირთულობა და ფიზიკური გარემოს კუთხით არსებული პრობლემები.
სახალხო დამცველის რეკომენდაციით გაიზარდა იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს; ასევე, ვიდეოკამერებით აღიჭურვა პოლიციის ყველა დეპარტამენტი, სამმართველო და განყოფილება. თუმცა, კამერებით ჯერ კიდევ არ აღჭურვილა ყველა ის სამუშაო ოთახი, სადაც დაკავებულებს უწევთ ყოფნა. ამასთან, აუცილებელია არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის საჭირო გარანტიების ჯეროვანი და განუხრელი დაცვა. საუბარია იმ დაზიანებათა მაჩვენებელის გაზრდაზე, რომელიც დაკავებულმა პირებმა დაკავების შემდეგ მიიღეს.
სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების მიუხედავად, ფსიქიატრიული ჯანდაცვის დარგი მნიშვნელოვან ძირეულ რეფორმებს საჭიროებს. ისევ არასაკმარისია პერსონალის კვალიფიკაცია, მცირეა მათი რაოდენობა, უხარისხოა მედიკამენტები, მოძველებულია მკურნალობის ფორმები. დღემდე არ შემუშავებულა დეინსტიტუციონალიზაციის არც სტრატეგია და არც სამოქმედო გეგმა. არ არის განვითარებული სათემო სერვისები, რაც ინსტიტუციების გადატვირთულობას იწვევს.