პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის ანგარიში - 2014 წელი
2014 წლის 5 ივნისს სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2014 წლის 5 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარმოადგინა. იანვრიდან მაისის ჩათვლით პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა მონიტორინგი განახორციელა სასჯელაღსრულების 8 დაწესებულებაში; შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, მცირე ტიპის საოჯახო ბავშვთა 30 სახლში; ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებოდნენ პატიმრებს სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში, 145 ვიზიტისას მოინახულეს 1422 პატიმარი. პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტში შევიდა 810 განცხადება, ამ განცხადებების საფუძველზე დეპარტამენტმა მოამზადა და ხელისუფლების შესაბამის ორგანოებში გააგზავნა 1 845 ოფიციალური წერილი. განცხადებების დაახლოებით ნახევარი ეხებოდა ჯანმრთელობის უფლების დაცვას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ასევე აქტუალური იყო პატიმრებთან მოპყრობის, პატიმართა უსაფრთხოების, ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის, გარე სამყაროსთან კონტაქტის, დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი და პატიმრობის პირობები.
პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა მოამზადა 11 რეკომენდაცია/წინადადება; პატიმრებთან მოპყრობის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების შესაბამის ორგანოებში გადააგზავნა 26 წერილი; შეიმუშავა წინადადებათა პაკეტი პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე; მოამზადა ანგარიში - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და არანებაყოფლობითი მკურნალობის დაწესებულებაში“, რომლის პრეზენტაციაც 9 ივნისს გაიმართება.
პრევენციის ეროვნულ მექანიზმს დაგეგმილი აქვს არაერთი აქტივობა, რომლის საბოლოო მიზანს მონიტორინგის ეფექტიანობის გაზრდა წარმოადგენს, გააძლიერებს პრევენციულ მონიტორინგს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის რისკი, ასევე შეისწავლის პატიმართა პრობლემებს და მოახდენს ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.