ლგბტ+ ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება საქართველოში
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს ლგბტ+ ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობის და არსებული პრაქტიკის სიღრმისეულ შეფასებას. სამაგიდო კვლევა ასევე აფასებს ლგბტ+ ჯგუფის პანდემიამდელ და პანდემიის შემდგომ მდგომარეობასაც. ანგარიშში ასახულია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) საფუძველზე დისკრიმინაციისა და ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო გარემოს შეფასება, მათი განხორციელებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტების ეფექტიანობის ანალიზი, და სათანადო რეკომენდაციები საკანონმდებლო ჩარჩოსა და დე-ფაქტო მდგომარეობას შორის არსებული განსხვავების შესამცირებლად.
სამაგიდო კვლევის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესწავლა და ანალიზი, მოიცავს, როგორც საქართველოს მიერ უშუალოდ ნაკისრ ვალდებულებათა ასახვას, ასევე, სართაშორისოდ დადგენილ სტანდარტთა მიმოხილვას. ეროვნული ვალდებულებების შესრულების სტატუსის შესაფასებლად, ანგარიში, ერთი მხრივ, დაეფუძნება საჯარო ინფორმაციას შესაბამისი უწყებებიდან, მიღებული ინფორმაციის დამუშავებასა და ანალიზს, მეორე მხრივ კი, სახელმწიფოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს კონკრეტულ სფეროში (არსებობის შემთხვევაში) ეროვნულ სასამართლოთა გადაწყვეტილებების დეტალურ მიმოხილვას და სახელმწიფოს პოლიტიკაში გაწერილი ვალდებულებების ანალიზს. კვლევის ერთ-ერთი ინსტრუმენტია თვისებრივი კვლევაც, რაც მოიცავს ფოკუს ჯგუფების ჩატარებასა და მიღებული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზს. ფოკუს ჯგუფების დისკუსია დაეფუძნება წინასწარ შემუშავებულ კითხვარს, რომელიც სტრუქტურაში მითითებულ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე საკვანძო კითხვას აერთიანებს.
ანგარიში მომზადდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” პროექტის ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს მოსახლეობის ფონდი შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებენ.