იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში – 2010 წელი
2010 წლის იანვრიდან სახალხო დამცველის აპარატში დაიწყო პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა მიმართებით არსებული პრობლემების გადასაჭრელად.“ პროექტის მიზანია სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერება, რათა უკეთ მოხდეს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა მიმართებით არსებული პრობლემების შესწავლა, დევნილთა კონსულტაცია და შესაბამისი დახმარების გაწევა. გამომდინარე შეზღუდული რესურსებიდან, სახალხო დამცველის აპარატი მოკლებული იყო სიტუაციისა და უფლებრივი მდგომარეობის სრული ანალიზის შესაძლებლობას, რისი განხორციელების საშუალებაც მას მისცა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის მიერ დაფინანსებულმა აღნიშნულმა პროექტმა.
პროექტის ფარგლებში არსებული საქმიანობის განსახორციელებლად შეირჩა პროექტის კოორდინატორი და ხუთი მონიტორი/კონსულტანტი. პროექტის მონიტორები განთავსდნენ სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისებში: გორში, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში (2010 წლის იანვარი - ივნისი) მონიტორები რეგიონების მიხედვით ახორციელებდნენ სისტემატურ ვიზიტებს დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებში იქ არსებული სისტემური პრობლემების გამოვლენის მიზნით.
პროექტის მონიტორები ამავდროულად დახმარებას უწევდნენ სახალხო დამცველის აპარატს იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ ყოველდღიურ საქმიანობაში.
გარდა ამისა, ანგარიშში დეტალურად არის გაანალიზებული სახელმწიფო პოლიტიკა დევნილებთან მიმართებით. ანგარიში ასევე ასახავს დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობას საქართველოში, საუბარია როგორც ინდივიდუალურ, ისე ზოგად პრობლემებზე, პოზიტიურ ძვრებზე და დევნილთა საკითხებთან მიმართებით არსებულ სხვადასხვა საჭიროებებზე.