ფემიციდის მონიტორინგის ანგარიში 2020
წინამდებარე სპეციალური ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში შეიმუშავა. ანგარიშში გაანალიზებულია 2020 წელს ჩადენილი დანაშაულები.
საქმეთა სამართლებრივი ანალიზის მეთოდოლოგია მოიცავს მართლმსაჯულების განხორციელების და სტატისტიკის შეფასებას, რაც შესაძლებლობას იძლევა გაიზომოს მიღწეული პროგრესი და გამოვლინდეს ის ხარვეზები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება და ხელს უშლის პრობლემასთან ბრძოლას.
მისასალმებელია, რომ სახელმწიფო უწყებებმა შეასრულეს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წინა წლების მონიტორინგის შედეგად გაცემული რეკომენდაციების ნაწილი. განხორციელებული ცვლილებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იქმნება სასამართლო პრაქტიკა გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობასთან ან მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, მათ შორის, სახალხო დამცველის წინა ანგარიშებში მითითებული სტანდარტების გათვალისწინებით. გამოძიება თითქმის ყველა საქმეზე შეისწავლის ძალადობის წინაისტორიას.
ვიმედოვნებთ, რომ წარმოდგენილი მიგნებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება ფემიციდის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.