ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიში - 2011
2011 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგი ჩაატარა.
მონიტორინგის დროს მოინახულეს როგორც დიდი ზომის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა სახლები (წყნეთის ბავშვთა სახლი, კოჯრის ბავშვთა სახლი, ბავშვთა სახლი „სათნოება“, ბავშვთა სახლი „მომავლის სახლი“, საგურამოს ბავშვთა სახლი, თელავის ბავშვთა სახლი, ქუთაისის ბავშვთა სახლი, რუსთავის ბავშვთა სახლი, წალენჯიხის ბავშვთა სახლი, ზუგდიდის ბავშვთა სახლი, ასპინძის ბავშვთა სახლი, ბათუმის ბავშვთა სახლი, წეროვანის ბავშვთა სახლი), ასევე მცირე საოჯახო ტიპის სახლები (ვარდისუბანში, დუშეთში, გოდოგანში, ოზურგეთში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისში, ხაშურში, ბათუმში, თელავში). სულ მოინახულეს 13 დიდი ზომის ბავშვთა სახლი, 17 მცირე საოჯახო ტიპის სახლი.
მონიტორინგის ჩატარებისას შემოწმდა ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში მყოფი ბენეფიციარების უფლებების დაცვის ხარისხი. სპეციალური პრევენციული ჯგუფი პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებების კონვენციით, „სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით, ბავშვზე ზრუნვის ეროვნული სტანდარტებითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.