ბავშვის უფლებები
საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ 2014 წელს გადადგმული ნაბიჯებიდან უნდა აღინიშნოს შემდეგი: საქართველოს პარლამენტმა 2014 წელი ბავშვთა უფლებების დაცვის წლად გამოაცხადა; მთავრობამ გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტს წარუდგინა მე–4 პერიოდული მოხსენება საქართველოშ ბავშვის უფლებათა კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ; საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს კონვენციას „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“; მთავრობის მიერ დამტკიცდა ადამიანის უფლებების დაცვის 2014–2015 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა, რომელშიც ცალკე თავად გაიწერა ბავშვის უფლებების დაცვის პრიორიტეტები; შემუშავდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფარგლებში შემუშავდა სკოლამდელი განათლების კანონის პროექტი; საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა მიზნობრივი სოციალური დახმარების განახლებული სისტემა, სადაც გათვალისწინებულია ბავშვიანი ოჯახისთვის ფულადი დანამატი.
სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა მოამზადა და გასცა 9 რეკომენდაცია და წინადადება;საქმისწარმოება დაიწყო 419 შემთხვევაზე. რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით, არასათანადოდ ხორციელდება განათლების, ბავშვის მიმართ ძალადობისა და სიღარიბისგან დაცვის, სკოლამდელი აღზრდისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლებები. მაღალია 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, კვლავ პრობლემურია ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე არასრულწლოვნებისთვის სახელმწიფო სერვისების განხორციელება.
ბავშვის უფლებების ცენტრმა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა სისტემურად შეამოწმა. მონიტორინგი განხორციელდა სკოლამდელ სააღმზრდელო და არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში. აგრეთვე, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში. ბავშვთა უფლებების დაცვის განხორციელების ხარისხი შემოწმდა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, საჯარო სკოლებში, სკოლა–პანსიონებში.
გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ცენტრმა შეიმუშავა 2014–2017 წლების სტრატეგია.