ანგარიში სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ (2015 წლის 7-9 მაისი)
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2015 წლის 7-9 მაისს სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განხორციელებული განმეორებითი საკონტროლო ვიზიტის ანგარიშს.
შემოწმების შედეგად დაწესებულებაში პატიმრების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიკვეთა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2014 წლის 23-24 ოქტომბერს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების უმრავლესობა ფაქტობრივად არ შესრულებულა.
მწვავედ დგას არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხი. ვიზიტის დროს აშკარა იყო თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება,რაცპატიმრების არასათანადო მოპყრობის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. დაწესებულებაში მიღებული დაზიანებების დოკუმენტირება სამედიცინო პერსონალის მიერ კვლავაც ხარვეზებით მიმდინარეობს.
არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად ხდება უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება. დაწესებულების ადმინისტრაცია ძირითადად ეყრდნობა ე.წ. „სტატიკური უსაფრთხოების“ ელემენტებს (განცალკევება, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა), რაც ვერ უზრუნველყოფს დაწესებულებაში, ადამიანის უფლებების დაცვის პირობებში, უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნის მიღწევას. შედეგად, დაწესებულებაში რჩება დაძაბული და კონფლიქტური სიტუაცია, თვითდაზიანების, ძალადობისა და აგრესიის გამოვლენის მაღალი რისკი.
გაზრდილია დისციპლინური სახდელების გამოყენების მაჩვენებელი. სამწუხაროდ, ისევ აქვს ადგილი ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმართა სამარტოო საკანში მოთავსებას. პრობლემად რჩება სამედიცინო მომსახურებაზე სათანადო ხელმისაწვდომობის არ არსებობა. არ ხდება სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების მედიკამენტებით საკმარისად მომარაგება. საკვების მომზადებისას არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა საჭიროებები.
კვლავაც პრობლემად რჩება დაწესებულების ფიზიკური გარემო და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.
დაწესებულებაში პრაქტიკულად არ ხორციელდება ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო აქტივობები. ამგვარ აქტივობათა განსახორციელებლად დაწესებულებაში არ არსებობს საკმარისი რესურსი. პატიმრებს არ გააჩნიათ შესაძლებლობა დაკავდნენ ღირებული, მათთვის საინტერესო აქტივობით.
N3 დაწესებულებაში განთავსებისას პატიმართა ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილის გაუთვალისწინებლობა აფერხებს პაემნის უფლებით სარგებლობას. სატელეფონო ზარი საკმარისი რაოდენობითა და კონფიდენციალურობის დაცვით ვერ ხორციელდება. არ ხდება დაწესებულების მაღაზიის პროდუქციით სათანადო მომარაგება.