ანგარიში N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2015 წლის 14 სექტემბერს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის ანგარიშს. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან ერთად დაწესებულების მონიტორინგში მონაწილეობას იღებდნენ სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, გენდერული თანასწორობისა და თანასწორობის დეპარტამენტების თანამშრომლები. ანგარიშის მომზადებისას სხვა მასალასთან ერთად გამოყენებული იქნა პრევენციის ეროვნული მექანიზმის ვიზიტში მონაწილე ექსპერტებისტექნიკური ანგარიშები. ვიზიტის დროს მოპოვებული დოკუმენტაცია, ასევე მონიტორინგისჯგუფის წევრთა ანგარიშები ინახება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში.
ანგარიში შეიცავს მონიტორინგის ჯგუფის ძირითად მიგნებებს და შედგენილია იმგვარად, რომ ინტერვიუს კონფიდენციალური ხასიათიდან გამომდინარე, არ მოხდეს რესპონდენტ პატიმართა იდენტიფიცირება. ვიზიტის მიმდინარეობის დროს მონიტორინგის ჯგუფის წევრები დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე და ადმინისტრაციის მხრიდან მონიტორინგისთვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს არ მისცეს საშუალება გაცნობოდნენ ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის დაწესების შესახებ დირექტორის ბრძანებებზე თანდართულ უსაფრთხოების განყოფილების შუამდგომლობებს, რადგან, მათივე განმარტებით, შუამდგომლობებში ასახული ინფორმაცია წარმოადგენდა საიდუმლოებას. ამდენად, ჯგუფის წევრებმა ვერ შეძლეს, შეეფასებინათ, თუ რამდენად დასაბუთებული და პროპორციული იყო აღნიშნული ღონისძიებების გამოყენება.
N12 დაწესებულება წარმოადგენს ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულებას, რომელიც განკუთვნილია 450 პატიმრის განთავსებისთვის. ვიზიტის დროს დაწესებულებაშიიმყოფებოდა 275 მსჯავრდებული.
დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს დაწესებულებაში ჩატარდა შემდეგი სახის სარემონტო სამუშაოები: გარემონტდა და გამოიყო სილამაზის სალონისათვის განკუთვნილი ოთახი, კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა მსჯავრდებულთა კომპიუტერული სწავლებისთვის განკუთვნილ ოთახს, მე-4 და მე-5 საცხოვრებელ კორპუსებს და მასში არსებულ სველ წერტილებს, ივლისის/აგვისტოს თვეში რემონტი ჩატარდა დაწესებულების სამედიცინო ბლოკში, გამოიყო და გარემონტდა „C” ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამისთვის სპეციალიზებული ოთახი, გარემონტდა მთავარიექიმის ოთახი, სამედიცინო ბლოკის ტერიტორიაზე მოეწყო ახალი წამლების საცავი და ფარმაცევტის კაბინეტი.
პენიტენციური დეპარტამენტის N12 დაწესებულებაში წლების განმავლობაში არსებობდა ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაზეც სახალხო დამცველი დეტალურად მიუთითებდა 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს დაწესებულებაში ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა არაერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა, კერძოდ, ძველ საცხოვრებელ კორპუსსა და სამეურნეო სამსახურში ჩარიცხულ პატიმართა საცხოვრებელ საკნებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც საჭიროებს კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს.