ფერიის წმ. მატათა მოციქულის სახელობის ფონდის პანსიონის მონიტორინგის შედეგები
სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ სოფელ ფერიის წმ. მატათა მოციქულის სახელობის ფონდის პანსიონი“ ასახავს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ პანსიონის მონიტორინგის შედეგებს, რომლის დროსაც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად და საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე მოხდა დაწესებულების ფიზიკური გარემოს, აღსაზრდელების უფლებრივი მდგომაროებისა და მათზე განხორციელებული მზრუნველობის შეფასება. ანგარიში ასევე, ასახავს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.
მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ მიუხედავად პანსიონში აღსაზრდელთა საცხოვრებელი გარემოს ფიზიკური მოწესრიგებისა და საბაზო საჭიროებების უზრუნველყოფისა, დიდი ზომის დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობა და იქ არსებული სააღმზრდელო ფორმა არ ქმნის ოჯახურ გარემოს, რომელიც თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე იქნება მორგებული, ხელს შეუწყობს მათ სოციალიზაციას და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზაობას.
პანსიონში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ქვეყანაში ბავშვებისა და მათი ბიოლოგიური ოჯახების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე ორიენტირებული სერვისების გაფართოებისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დროული და ეფექტური განხორციელების აუცილებლობა.
მონიტორინგი ჩატარდა საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში, შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით.