ადრეულ ასაკში ქორწინება: გამოწვევები და გადაჭრის გზები
წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების ინდივიდუალური შემთხვევების შესწავლის, შესაბამისი უწყებების საქმიანობის მონიტორინგისა და საინფორმაციო შეხვედრების ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ–ერთ მიმართულებას, სწორედ, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია წარმოადგენს. 2015-2016 წლებში გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა კახეთის, სამცხე–ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და აჭარის მუნიციპალურ ერთეულებში 30 შეხვედრა ჩაატარა, რომელიც მიზნად მიღებული ინფორმაციის გაანალიზებას, არსებული პრობლემებისა და შესაძლო გადაჭრის გზების გამოკვეთას ისახავდა.
საკითხის შესწავლამ ცხადყო, რომ მთავარ გამოწვევას საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე, სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები და არაეფექტური რეაგირება წარმოადგენს. ეს პრობლემები განსაკუთრებით მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში იჩენს თავს, სადაც სერვისებზე ხელმისაწვდომობა რიგი მიზეზების გამო რთულდება.
მისასალმებელია, რომ 2015 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო კანონპროექტი, რომლის მომზადების საფუძველი საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება გახდა. ცვლილების მიხედვით, 17–დან 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციის წესი შეიცვალა იმგვარად, რომ ქორწინებაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეეძლება. ასევე, დაზუსტდა ქორწინების რეგისტრაციის პატივსადები გარემოება და დებულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით.
ანგარიში მომზადებულია ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის „გოგონათა უფლებების დაცვა და ადრეულ ასაკში ქორწინება“ ფარგლებში.