სპეციალური ანგარიში „ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექპლოატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება“
სპეციალური ანგარიში „ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექპლოატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება“ წარმოადგენს პირველი ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგებს, რომლის დროსაც ინტერდისციპლინური, არასრულწლოვან მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომებით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით შეფასდა სექსუალური ძალადობისა და ექპლოატაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი. კვლევის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების საფუძველზე, შემუშავდა რეკომენდაციები ეროვნული კანონმდებლობის, პოლიტიკისა და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა, კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორც სამართლებრივი რეგულირების კუთხით, ისე პრაქტიკაშიც. ეროვნული კანონმდებლობა ბავშვზე სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექპლოატაციის შესახებ კვლავ არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა იმ სავალდებულო ინსტრუმენტებს, რომელთა მონაწილეც საქართველოა. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ბავშვზე სექსუალური ძალადობის დანაშაულების დროული გამოვლენა/აღკვეთა, მართლმსაჯულების სათანადო განხორციელება, ბავშვის საჭიროებებზე მორგებული გარემოს უზრუნველყოფა და მათი მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვა.
სახალხო დამცველის მიერ განხორციელა კვლევამ ცხადყო, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია კონკრეტულად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული სერვისები. ამჟამად არსებული სახელმწიფო სერვისები მკვეთრად შეუსაბამოა ქვეყანაში არსებულ საჭიროებასთან.
სპეციალური ანგარიში მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, პროექტის „სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმეების მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.