2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
ყოველი წლის 10 დეკემბერს ცივილიზებული სამყარო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღებით, წევრმა სახელმწიფოებმა ადამიანის ღირსების პატივისცემისა და თანასწორობის იდეა ყველა ხალხისა და ყველა ერის საერთო მონაპოვრად გამოაცხადეს. დღეს, დეკლარაციის მიღებიდან თითქმის 70 წლის შემდეგ, როდესაც ავტორიტარული რეჟიმებისა და ტერორისტული საფრთხეების წინაშე კაცობრიობის მთავარი მონაპოვარი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, დეკლარაცია, როგორც ცოცხალი დოკუმენტი, გვავალდებულებს ავიმაღლოთ ხმა თითოეული ადამიანის უფლებების დასაცავად.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის სულისკვეთების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტი, წინამდებარე ანგარიშის სახით წარმოადგენს 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებას. ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2013 წელს დაწყებული ინიციატივის გაგრძელებაა - ყოველი წლის 10 დეკემბერს შეაჯამოს და საზოგადოებას გააცნოს ქვეყანაში ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ძირითადი გამოწვევები და მიღწევები.