ზოგადი წინადადება თბილისის საქალაქო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სტატისტიკის წარმოების შესახებ
2016 წლის 9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ზოგადი წინადადებით გენდერული ნიშნით შევიწროვების, სექსუალური შევიწროვებისა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სხვა საქმეების შესახებ სტატისტიკის წარმოების აუცილებლობის თაობაზე.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სქესით თუ სხვა ნიშნით დივერსიფიცირებულ ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობა დამოუკიდებელ მკვლევარებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს უზღუდავს შესაძლებლობას, რომ შეისწავლონ დისკრიმინაციის საქმეებთან დაკავშირებული სასამართლოს პრაქტიკა. მათ კი შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ქვეყანაში დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების შესწავლაზე უფლებამოსილი ორგანოებისგან ფლობდნენ რეალურ ინფორმაციას თანასწორობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომ სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ გადაწყვეტილებები ფორმულირდეს იმგვარად, რომ იდენტიფიცირებადი იყოს საქმესთან დაკავშირებულ პირთა სქესი, ასევე, სხვა საფუძვლით დისკრიმინაციის შემთხვევებში, იკვეთებოდეს პირთა რელიგიური, რასობრივი, ეთნიკური, ეროვნული თუ სხვა სახის კუთვნილება, რომელიც მნიშვნელოვანია დისკრიმინაციის გამოსავლენად. ამასთან, სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების შესახებ ინფორმაცია დაამუშავოს დისკრიმინაციისგან დაცული ნიშნისა და ასევე, საქმის განხილვის შედეგად დამდგარი შედეგის მითითებით; სახალხო დამცველმა ასევე მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ მოცემული ზოგადი წინადადებით დადგენილი სტანდარტი საქართველოს იურისდიქციაში არსებულ სამივე ინსტანციის სასამართლოებზე გავრცელდეს.