სახალხო დამცველმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საბანკო მომსახურებისას ასაკოვანი ადამიანების დისკრიმინაციის თავიდან აცილების საკითხზე მიმართა
2021 წლის 9 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ასაკის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.
საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები მთელი რიგი სასესხო პროდუქტების (სამომხმარებლო სესხი, განვადება, იპოთეკა) გაცემის კრიტერიუმად განსაზღვრავენ ასაკს, რომლის მიღმა, პირს აღნიშნული პროდუქტების გაცემაზე შაბლონურად ეუბნებიან უარი. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, ასაკი სესხის ვადის შეზღუდვის საფუძველიც ხდება.
სახალხო დამცველმა, შესაბამის სტანდარტებზე მითითებით, ხაზი გაუსვა, რომ რისკების დაზღვევის მიზნით, სხვადასხვა სახის სესხის გაცემაზე უარის თქმა, ისევე როგორც, მათ მიმართ უფრო მძიმე დამატებითი პირობების გამოყენება, ხანდაზმულ მომხმარებლებს განსხვავებულად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს. აღნიშნულის გამოსარიცხად, მომხმარებლის მდგომარეობა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად და მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ასაკს არ უნდა ემყარებოდეს.
შესაბამისად, სახალხო დამცველმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუწოდა, გასცეს სახელმძღვანელო მითითება, რომ საბანკო სერვისების მიწოდების პროცესში ასაკი არ წარმოადგენდეს მომსახურების გაწევაზე ერთმნიშვნელოვნად უარის თქმის ან სასესხო პროდუქტების ვადის შეზღუდვის საფუძველს და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ბანკებს მოუწოდოს, რისკების დაზღვევის პირობები, აუცილებლობის შემთხვევაში, იმგვარად განსაზღვრონ, რომ ზეგავლენა არ მოახდინოს ხანდაზმულ პირთა მიერ ფაქტობრივად მისაღები სახელმწიფო პენსიის იმ ოდენობაზე, რაც საარსებო მინიმუმს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ ზოგადი წინადადებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხის თანახმად, დაწყებულია საკითხის შესწავლა და დამუშავება, რის ფარგლებშიც, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს უკვე გაეგზავნათ შესაბამისი კორესპონდენცია.