საქართველოს სახალხო დამცველმა იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებული პირების მიმართ დისკრიმინაციის წახალისება დაადგინა
2018 წლის 28 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა ზოგადი წინადადებით, C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში1 განხორციელდეს ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სერვისების ხელმისაწვდომობას გრძელვადიანი ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიმღები პირებისთვის.
როგორც საკითხის შესწავლის პროცესში გამოვლინდა, პირები, რომლებსაც სასჯელის სახედ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა აქვთ განსაზღვრული, იმ პატიმრებისგან განსხვავებით, რომლებიც სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიან, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაზე ხელმისაწვდომობა არ აქვთ. ჯანდაცვის სამინსიტროს პოზიციის თანახმად, გრძელვადიანი ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიმღები პირისათვის, როგორც გამონაკლისისათვის, პროგრამით გათვალისწინებული სერვისები არ არის ხელმისაწვდომი, რადგან ფსიქიატრიული ჯანმრთელების ცენტრს, სადაც პაციენტია განთავსებული, არ გააჩნია C ჰეპატიტის სადიაგნოზო და მკურნალობის მონიტორინგის პროცესში სპეციფიკური კვლევების ჩატარების რესურსი.
სახალხო დამცველმა ზოგად წინადადებაში აღნიშნა, რომ თავისუფლებააღკვეთილი პირებისათვის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ისინი უნდა სარგებლობდნენ ჯანმრთელობის დაცვის ისეთივე სტანდარტებით, როგორიც დანარჩენი მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი და ხელი უნდა მიუწვდებოდეთ აუცილებელი ჯანდაცვის სერვისებზე უფასოდ, მათი სამართლებრივი სტატუსის გამო დისკრიმინაციული მიდგომის გარეშე.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოთავსებული, გრძელვადიანი ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიმღები პირების გაუთვალისწინებლობა C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა კატეგორიაში ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, მხოლოდ ტექნიკურ რესურსთან დაკავშირებული გარემოებებზე დაყრდნობით, დისკრიმინაციის წამახალისებელია.
12015 წლის 20 აპრილის #169 დადგენილება