სახალხო დამცველმა სუროგაციისას დეკრეტული შვებულებით სარგებლობის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა
2020 წლის 13 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა სუროგატი ქალისა და სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვის მშობლის მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებით სარგებლობის საკითხზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ზოგადი წინადადებით მიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაშვებულია სუროგაციის ინსტიტუტი, მოქმედი სამართლებრივი აქტები არ აწესრიგებს სუროგატი ქალის და სუროგაციის მეშვეობით დაბადებული ბავშვის მშობლის მიერ ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებას.
სახალხო დამცველის შეფასებით, სუროგატი ქალი სწორედ იმავე ფიზიოლოგიურ და ემოციურ პროცესებს გადის და გააჩნია ანალოგიური სამედიცინო თუ ფსიქო-სოციალური თავისებურებები, როგორც სხვა ორსულ ქალებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სუროგაციასთან. ხოლო, ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის მიზნებისთვის, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლები არსებითად თანასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან ბიოლოგიურ მშობლებთან, რომლებსაც არ უსარგებლიათ სუროგატი ქალის მომსახურებით. ისინი ასევე თანაბარ მდგომაროებაში არიან იმ დასაქმებულებთან, რომლებმაც იშვილეს ბავშვი და აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ შვილად აყვანის გამო შვებულებით. შესაბამისად, სუროგატი ქალი დგება ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ხოლო სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლები კი - ბავშვის მოვლის შვებულებით სარგებლობის საჭიროების წინაშე.
დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, აუცილებელია, საქართველოს კანონმდებლობით გაიწეროს სუროგატი ქალის და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლის მიერ შვებულებით სარგებლობის საკითხი. შესაბამისად, სახალხო დამცველმა ჯანდაცვის მინისტრს მიმართა ზოგადი წინადადებებით, მოამზადოს შესაბამისი ცვლილებები, რათა საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს სუროგატი ქალისა და სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვის მშობლის მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის საკითხი, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში.