საქართველოს სახალხო დამცველმა სპორტულ ფედერაციებს სპორტში ჩართული ქალების მიმართ დისკრიმინაციის თავიდან აცილების საკითხზე ზოგადი წინადადებით მიმართა
2023 წლის 15 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა სქესის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტებს.
საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ქალთა კლუბების დაფინანსების სიმცირის გამო, სპორტში ჩართული ქალების შემოსავალი ბევრად ნაკლებია კაცების შემოსავალზე. ამასთან, ქალი პროფესიონალებისთვის ვარჯიშის/თამაშის დროს მიღებული ტრავმების მკურნალობის დაფინანსების საკითხის არასათანადოდ არის მოწესრიგებული, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სპორტში ჩართული ქალების არათანასწორ საწყის მდგომარეობას.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა ქალთა სპორტთან დაკავშირებულ ზოგად გამოწვევებს, სპორტში ჩართული ქალების ჯანმრთელობისა და შრომის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების თანასწორობის პრიზმით განხილვის მნიშვნელობას და სპორტული ფედერაციების შესაბამის ვალდებულებებს.
შედეგად, სახალხო დამცველმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტებს მოუწოდა, გამოიკვლიონ ქალთა კლუბების მხრიდან ტრავმების მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების კუთხით არსებული მდგომარეობა, - ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით, განიხილონ მკურნალობის დაფინანსებისთვის ეფექტური მექანიზმის დანერგვის საკითხი და გაზარდონ ძალისხმევა სპორტში ჩართული ქალების ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული ფინანსური რესურსის მოძიების მიზნით.