მსჯავრდებულის შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა
2021 წლის 29 დეკემბერს, სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე შემოსული ზარის საფუძველზე, სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა №2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ ზ.ნ.-ს. მსჯავრდებულმა შეხვედრის დროს განმარტა, რომ დადგენილი აქვს პროსტატიტის დიაგნოზი და აწუხებს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი ჩივილები, ასევე აწუხებს კუჭ-ნაწლავის პრობლემები და აქვს თიაქარი. აღნიშნულის მიუხედავად, არ უტარდება შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა, რის გამოც აპირებდა შიმშილობის დაწყებას (საქმე N 14069/21).
მსჯავრდებულის შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს.
მსჯავრდებულ ზ.ნ.-ს ჩაუტარდა ოჯახის ექიმის კონსულტაცია და კუჭ-ნაწლავის პრობლემებთან დაკავშირებით დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა. ასევე, ჩაუტარდა ქირურგის კონსულტაცია, რის შედეგადაც დაუდგინდა შესაბამისი დიაგნოზი და მიეცა რეკომენდაცია ოპერაციული მკურნალობის თაობაზე. განმეორებითი მიმართვების საფუძველზე დამატებით გვეცნობა, რომ მსჯავრდებულს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჩაუტარდა შარდ-სასქესო სისტემის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა და უროლოგის კონსულტაცია, დაუდგინდა დიაგნოზი, ასევე, დაენიშნა და ჩაუტარდა რეკომენდებული მედიკამენტური მკურნალობის კურსი. აღნიშნულის გარდა, ზ.ნ. ოპერაციული მკურნალობის ჩატარების მიზნით 2022 წლის 9 ივნისს გადაიყვანეს ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში.
აღნიშნულ საქმეზე იმუშავა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მთავარმა სპეციალისტმა ქსენია მესხიძემ.