სიახლეები

წინადადება საქართველოს პარლამენტს მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლების შესწორებისთვის

2015 წლის 25 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებასმოსილების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. წინადადება მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლების შესწორებას ისახავს მიზნად.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრისათვის გაწეულ სამუშაოს, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს მარტოხელა მშობლის და მისი შვილის/შვილების მდგომარეობას. თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სტატუსის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები არ ეხმიანება მარტოხელა მშობლისა და მისი შვილის/შვილების ინტერესებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამჟამინდელი რედაქციით, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების ერთ–ერთი საფუძველია პირის ქორწინებაში შესვლა, რაც ავტომატურად არ გულისხმობს ბავშვის მიმართ მამინაცვლის ან დედინაცვლის მოვალეობების წარმოშობას. საქართველოს სახალხო დამცველის წინადადების მიხედვით, აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი საჭიროა მოდიფიცირდეს იმგვარად, რომ სტატუსის გაუქმების საფუძველი არა მშობლის ქორწინება არამედ ბავშვის სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წარმოშობის შემთხვევა იქნება.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი წინადადების შესრულება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება გენდერული თანასწორობის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფისაკენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)