სიახლეები

ტრენინგი ჟურნალისტებისათვის გენდერული საკითხების გაშუქებაზე

2014 წლის 21–23 ნოემბერს, გუდაურში ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ მხარდაჭერით სახალხო დამცველის აპარატმა ჟურნალისტებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: გენდერული საკითხების გაშუქება და ჟურნალისტური ეთიკა.

ტრენინგი ორ ძირითად მიზანს ემსახურებოდა: გენდერული პრობლემების გასაშუქებლად ჟურნალისტთა წახალისება და გენდერულ საკითხებზე სიუჟეტის მომზადებისას/წერისას ეთიკური სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა. შესაბამისად, სემინარის მთავარი თემა გენდერული საკითხების გაშუქება და იმ ეთიკური ნორმების დაცვა იყო, რომელიც მსგავსი თემების გაშუქებისას სავალდებულოა. ტრენინგის ძირითადი ნაწილი თემის აქტუალობიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობას დაეთმო, ასევე განიხილეს გენდერის ძირითადი საკითხები, გენდერული როლები, სტერეოტიპები, სიძულვილის ენის ტირაჟირების და დისკრიმინაციის საკითხები.

ტრენინგში 20–მდე ჟურნალისტი მონაწილებდა, როგორც ცენტრალური ტელე–რადიო მაუწყებლებიდან ასევე ბეჭდური და ინტერნეტ მედიიდან.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ეკატერინე სხილაძესთან ერთად ტრენინგს უძღვებოდნენ გენდერის საკითხთა ექსპერტი ეკა აღდგომელაშვილი და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.

ევროკავშირის პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ თემის პოპულარიზაციისა და ადამიანის უფლებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ანალოგიური ტრეინინგებისა და სემინარის ჩატარებას მომავალშიც გეგმავს. მოცემულ ეტაპზე, პროექტის ხელშეწყობით გენდერის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის მიმდინარეობს კონკურსი, რომლის გამარჯვებულსაც სპეციალურად მოწვეული ჟიური 25 დეკემბერს გამოავლენს.

იხილეთ ტრენინგის ფოტოგალერეა

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)