სიახლეები

შეხვედრები დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან

2017 წლის 14 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოფიო რუსეცკიმ და ანა ლობჟანიძემ მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში (წეროვანი, ფრეზეთი და კოდა) დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრები მიზნად ისახავდა გაეროს უშიშროების საბჭოს N1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2016–2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების გადახედვას, თუ რამდენად არის ასახული დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების პრობლემები და საჭიროებები პასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელებულ პროგრამებსა და ინიციატივებში. შეხვედრებს ასევე, ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დისკუსიისას გამოიკვეთა ჯანდაცვის, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობისა და დევნილი ქალებისა და გოგონებისთვის პროფესიული განათლების პროგრამების ნაკლებობა. მოსახლეობის უმრავლესობა არ ფლობდა არანაირ ცოდნას რეზოლუციების პრინციპებისა და სამოქმედო გეგმის არსებობისა და მათთვის სპეციფიური პროგრამების შესახებ.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შეხვედრების მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა საქმიანობის, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისა და საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ. შეხვედრებს ესწრებოდა აგრეთვე, კონფლიქტურ რეგიონში ადამიანის უფლებების საკითხების სამართლებრივი ექსპერტი ქეთევან ახობაძე.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი აგრძელებს ეროვნული სამოქმედო გეგმის მონოტორინგის პროცესს და მისი შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება საზოგადოებისათვის ცნობილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)