სიახლეები

შეხვედრა საერთაშორისო ტრენინგის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ მონაწილეებთან

2014 წლის 22 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) საერთაშორისო სატრენინგო პროგრამის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ ფარგლებში საქართველოში მყოფ სამხრეთ სუდანის, კოლუმბიის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ლიბერიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს პროგრამის მონაწილეთათვის სახალხო დამცველის საქმიანობის გაცნობა წარმოადგენდა. წარდგენის შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ შეკითხვები დაესვათ მათთვის საინტერესო საკითხებზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის, ქვეყანაში უფლებადაცვითი მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების შესახებ. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის მიმართულებას, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა უფლებამოსილებების განხორციელების მნიშვნელოვან ასპექტებს.

აღსანიშნავია, რომ „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ 5 კვირიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ქალების მონაწილეობის გაზრდას მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობისას და ქალების განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინების აღნიშვნას კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)