სიახლეები

შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან

2016 წლის 15 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელ დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მომხსენებელი გაეცნო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხედვას და რეკომენდაციებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო ადრეულ ასაკში ქორწინების, ოჯახში ძალადობის, ქალთა მკვლელობებისა და ქალთა მიმართ ძალადობის სხვა ფორმების ირგვლივ არსებულ მდგომარეობას, სახელმწიფო პოლიტიკასა და ინსტიტუციურ მოწყობას, ასევე სერვისების მიწოდების სფეროში არსებულ გამოწვევებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დამცავი ღონისძიებების ეფექტურ გამოყენებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას, კერძოდ, შემაკავებელი და დამცავი ორდერების აღსრულების მონიტორინგის დანერგვის მნიშვნელობასა და განმეორებითი შემთხვევების მონიტორინგს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია უმოკლეს პერიოდში განისაზღვროს და გაძლიერდეს სოციალურ მუშაკთა როლი და საქმიანობა.

ქალთა მკვლელობების მასშტაბების განხილვისას საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ რისკების შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს მსხვერპლთა ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობას მისცემს.

საუბარი ასევე შეეხო ადრეულ ასაკში ქორწინების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. აღინიშნა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ დაბალია უწყებათაშორისი კოორდინაცია და თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი ქორწინების პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია სამართალდამცავთა მიერ 2015 წელს არცერთი შემთხვევა არ იდენტიფიცირებულა.

ქალბატონი დუბრავკა სიმონოვიჩი დაინტერესდა მის მიერ 2015 წლის 23 ნოემბერს გაკეთებული მოწოდების განხორციელების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა სახელმწიფომ მიზანმიმართულად უნდა იმუშაოს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე და შექმნას გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობებზე ზედამხედველობის სისტემა. ყოველი წლის 25 ნოემბერს კი, წარმოადგინოს შემთხვევათა დეტალური ანალიზი.

საქართველოს სახალხო დამცველი არაოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს 2015 წლის 9 ნოემბერს შეხვდა და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა გააცნო. ამასთან, მოიწვია ოფიციალური ვიზიტის განსახორციელებლად.

მისასალმებელია, რომ უახლოეს პერიოდში დაიგეგმა ქალბატონი დუბრავკას ვიზიტი, რომელიც საქართველოში ყოფნის პერიოდში შეხვდება სახელმწიფო უწყებების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე, განახორცილებს ვიზიტს კახეთის რეგიონში. ვიზიტის დასრულების შემდეგ კი მომზადდება სპეციალური მომხსენებლის ანგარიში საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ.

16.02.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)