სიახლეები

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე

2015 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ანა ლობჟანიძე მიწვეული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისში, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საქართველოში არსებული მდგომარეობის მიმოხილვისათვის.

შეხვედრა გაიმართა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისის თანამშრომლები, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ბატონი კიასტუტის იანკაუსკასი.

მოხსენების ფარგლებში ანა ლობჟანიძემ ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ძირითად საქმიანობასა და მიმართულებებზე. ამასთან, მთავარი აქცენტი გაკეთდა ქალთა მიმართ ძალადობის მაღალ მაჩვენებელზე, ძირითად ტენდენციებსა და გამოწვევებზე ამ სფეროში. ასევე, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებებსა და საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც მონაწილეები დაინტერესდნენ დაცვის მექანიზმების ეფექტურობაზე, ცნობიერების ამაღლების კამპანიების მნიშვნელობასა და სახალხო დამცველის როლზე გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)