სიახლეები

სახალხო დამცველმა დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისათვის შიდა უწყებრივი რეაგირების მექანიზმი დაამტკიცა

2014 წლის 25 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი დაამტკიცა. გაითვალისწინა რა ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმების განხორციელების მნიშვნელობა პრაქტიკაში, სახალხო დამცველის აპარატმა აიღო ვალდებულება, თანამშრომლებს შეუქმნას სექსუალური შევიწროებისაგან თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო. აღნიშნული მიზნის მისაღწევად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრევენციული ზომების განხორციელებას.

პრევენციის დოკუმენტით დასახული მიზანი - აღმოიფხვრას სექსუალური შევიწროების პრეცენდენტი სამუშაო ადგილზე, მიიღწევა შემდეგი ამოცანების შესრულებით:

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები გაეცნონ თავიანთ უფლებებსა და ვალდებულებებს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით; ასევე, ჩაუტარდეთ სპეციალური ტრენინგი აღნიშნულ თემაზე;

შეიქმნას სექსუალური შევიწროებისადმი არატოლერანტული გარემო, ადეკვატური რეაგირების მექანიზმების დანერგვით;

სექსუალური შევიწროების შემთხვევაზე წარდგენილ საჩივარს მოჰყვეს ფაქტის შესწავლა და სამართლებრივი გადაწყვეტისათვის ეფექტური ნაბიჯები;

პოლიტიკის დოკუმენტის აღსრულებაზე პასუხისმგებელია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, რომელიც იღებს და განიხილავს ამგვარ საჩივრებს, ასევე უწევს მონიტორინგს დოკუმენტის განხორციელებას გენდერული თანასწორობის დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით.

საქართველოში დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროება კვლავ რჩება ტაბუდადებულ თემად, რომელზეც არ საუბრობენ, თუმცა სახალხო დამცველის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი შემთხვევების რიცხვი ძალიან მაღალია. შევიწროების მსხვერპლები არ საუბრობენ პრობლემაზე ერთი მხრივ საზოგადოებაში არსებული განწყობების გამო და მეორე მხრივ შემთხვევაზე რეაგირების მექანიზმების გაუმართაობის/მოუქნელობის გამო, რადგან საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა სექსუალური შევიწროების ცნებას. ამ პროცესში კი განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს შიდა უწყებრივი მექანიზმების არსებობას.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს დაწყებულიყო მუშაობა სექსუალური შევიწროების დეფინიციის განსაზღვრისათვის, „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბულის) კონვენციის ხელმოწერის შემდეგ ეს პროცესი დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით არ დასრულებულა. ამ პროცესში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შიდა რეაგირების მექანიზმების არსებობას.

საქართველოს სახალხო დამცველმა გადაწყვიტა აღნიშნული ნაბიჯით ხელი შეუწყოს დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის მნიშვნელობაზე ხაზგასმას, თანამშრომლებს შეუქმნას შევიწროებისაგან თავისუფალი გარემო და მისი გამოცდილება ხელმისაწვდომი გახადოს დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საჯარო თუ კერძო დაწესებულებებს გაიზიარონ სახალხო დამცველის გამოცდილება და შიდა უწყებრივი რეაგირების მექანიზმების დამტკიცებით ხელი შეუწყონ დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)