სიახლეები

სახალხო დამცველმა არასრულწლოვანი გოგონას უფლებადარღვევის ფაქტზე პროკურატურასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა

2017 წლის 1 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არასრულწლოვანი გოგონას უფლებების დარღვევის შემთხვევაზე არაეფექტურ რეაგირებასთან დაკავშირებით. ამავე საქმეზე, საქართველოს სახალხო დამცველმა გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას.

საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა არასრულწლოვანი გოგონას უფლებადარღვევის საქმე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 16 წლის ასაკს მიუღწეველ ე.ე.-სთან სქესობრივი კავშირი დაამყარა სრულწლოვანმა პირმა, რის შედეგადაც დადგა ორსულობის ფაქტი.გოგონას ოჯახი ქორწინებას აღნიშნული სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავლად განიხილავდა. მოცემულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სრულწლოვანის 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე (სსკ-ის 140-ე მუხლი).

საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საზოგადოებაში ქალთა და გოგონათა მიმართ გავრცელებული სტერეოტიპული დამოკიდებულების, სათანადო მორალური და ფიზიკური მხარდაჭერის არ არსებობის გამო, გოგონას, სურვილის საწინააღმდეგოდ, მამაკაცთან საცხოვრებლად გადასვლა მოუწია. ამასთან, გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქმეში იკვეთება არასრულწლოვანის მიმართ სავარაუდო ოჯახში ძალადობის, კერძოდ უგულებელყოფისა და ქორწინების იძულების ნიშნები. საქმე ზედაპირულად და ფორმალურად არის შესწავლილი სოციალური სამსახურის მიერ და არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესების დასაცავად ზომები მიღებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინების იძულების რისკი ფსიქოლოგის მიერ მომზადებული რეკომენდაციებიდან იკვეთება, აღნიშნული გათვალისწინებული არ იქნა. ასევე, არ გატარებულა ეფექტური ღონისძიებები გოგონას საგანმანათლებლო პროცესში დასაბრუნებლად.

სახალხო დამცველმა თავის რეკომენდაციაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოუწოდა, მიიღოს ყველა საჭირო ზომა არასრულწლოვანის უფლებების დაცვისთვის, ხოლო საქართველოს მთავარ პროკურორს სთხოვა გამოძიების დაწყება არასრულწლოვანის შესაძლო ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)