სიახლეები

სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი შეხვედრა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის

2015 წლის 23 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხებისადმი მიძღვნილი ერთობლივი შეხვედრა გამართეს, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა უძღვებოდა.

შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოკლედ მიმოიხილა საპარლამენტო ანგარიშის თავი – გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები. ისაუბრა ანგარიშში ასახულ ძირითად მიმართულებებსა და ასპექტებზე, მის მიერ შესაბამისი უწყებებისადმი გაცემული რეკომენდაციებზე. აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევა საქართველოში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება. საზოგადოება კვლავ ცხოვრობს სტერეოტიპულ გარემოში, სადაც, უმრავლეს შემთხვევაში, ქალის მიმართ ოჯახში ძალადობა გამართლებული ქმედებაა; მაღალია ადრეულ ასაკში ქორწინების რიცხვი, ქალები წარმოადგენენ უმცირესობას გადაწყვეტილების მიღების დონეზე და ხშირია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით უფლებადარღვევის შემთხვევები.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ეკა სხილაძემ „სასჯელაღსრულების #5 ქალთა დაწესებულების მონიტორინგის შედეგების“ შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა. მონიტორინგის ანგარიში ქალ პატიმართა საჭიროებებს და შეფასებაზე დაყრდნობით მომზადებულ რეკომენდაციებს ასახავს. მონიტორინგისას გამოიკვეთა პატიმართა ჩხრეკის შეურაცხმყოფელი ფორმა, ჰიგიენურ–სანიტარული ნორმების დარღვევა და ჰიგიენის საგნების დეფიციტი, სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ხარვეზები. ყველა პატიმარი ერთნაირად ვერ სარგებლობს ბიბლიოთეკით, სპორტული დარბაზითა და კომპიუტერების ოთახით. არასაკმარისად ხორციელდება სარეაბილიტაციო-რესოცალიზაციის პროგრამები. განსაკუთრებით მწვავედ დგას დედათა და 3 წელს მიღწეულ ბავშვთა დაშორების საკითხი. ამასთან, მოუგვარებელია ბავშვთა სეზონური ტანსაცმლით და განსაკუთრებული საკვებით მომარაგების საკითხი.

გაეროს ქალათა ორგანიზაციის მიწვეულმა კონსულტანტმა სახალხო დამცველის აპარატში მერი მაღლაფერიძემ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ისაუბრა. წარმოადგინა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრისა და ცხელი ხაზის მონიტორინგის, 2014 წელს მომხდარი ქალთა მკვლელობების საქმეთა შესწავლის, შემაკავებელი და დამცავი ორდერების განხორციელების მონიტორინგის შედეგები.

ანგარიშის მიხედვით, შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მასშტაბები. 2014 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 17 ქალი იქნა მოკლული. ქალთა მიმართ ძალადობა დიდი ხანია გასცდა ჩაკეტილ სივრცეს და საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებასთან ერთად, მთავარ გამოწვევას დაცვისა და დახმარების ღონისძიებების არაეფექტური გამოყენება წარმოადგენს. ხშირად, ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასაცავად არ ხდება კანონით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენება და შესაბამისად, მათი თხოვნა დახმარების თაობაზე უგულებელყოფილი რჩება.

დისკუსიაზე ისაუბრეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ლბტ პირთა მდგომარეობის შესახებ, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე, ნარკოდამოკიდებული და ჰეპატიტით დაავადებული ქალების სამკურნალო პროგრამების მიმდინარეობაზე, რეგიონებში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და პოლიციის თანამშრომლების როლის გააქტიურებაზე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში მოთავსების ვადის გაზრდასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გააქტიურების აუცილებლობაზე.

იხილეთ პრეზენტაცია „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები“
იხილეთ პრეზენტაცია „სასჯელაღსრულების #5 ქალთა სპეციალური დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში“
იხილეთ პრეზენტაცია „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“

23.06.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)