სახალხო დამცველის წარმომადგენლის ვიზიტი საზაფხულო ბანაკში
2017 წლის 19 ივნისს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომელი ანა ლობჟანიძე მიწვეული იყო სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში, სადაც ისაუბრა ოჯახში ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა 80 მოსწავლე და 11 პედაგოგი საქართველოს 11 რეგიონიდან.
მოხსენების ფარგლებში, ანა ლობჟანიძემ ახალგაზრდებს ესაუბრა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის საქმიანობასა და როლზე ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში. აგრეთვე, დიდი ყურადღება დაუთმო ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებულ პრობლემებს, სტატისტიკურ მონაცემებს, გამოკვეთილ ხარვეზებს და დაცვისა და დახმარების მექანიზმებს.
არანაკლებ მნიშნელოვანი იყო ახალგაზრდებისთვის ადრეულ ასაკში ქორწინების მიმართულებით არსებული ვითარების გაცნობა, რა დროსაც აქცენტი გაკეთდა არსებული კანონმდებლობის მიმოხილვაზე, ადრეულ ასაკში ქორწინების ძირითად მიზეზებსა და შესაძლო შედეგებზე.
მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები ოჯახში ძალადობის, ადრეულ ასაკში ქორწინებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით.
პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. ბანაკის ორგანიზატორია „სიქა“ - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.