სიახლეები

სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

2015 წლის 26 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე მომზადებული კანონპროექტი. ცვლილების მიხედვით, 16–დან 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციის წესი იცვლება იმგვარად, რომ ქორწინებაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეეძლება. ცვლილების საბოლოო დამტკიცებით, გაუქმდება დღეს მოქმედი მშობლის თანხმობის წესი, რომელიც პრაქტიკაში ძალიან ცუდ გავლენას ახდენდა ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე.

სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერას. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი წინადადება კიდევ უფრო დახვეწა და არაერთი მნიშვნელოვანი გარემოება დაზუსტდა.

წინადადების მომზადებას და პარლამენტისთვის წარდგენას საფუძვლად უდევს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ხანგრძლივი შესწავლის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და მტკიცებულებები. ასევე, საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი და გენდერული თანასწორობის სფეროში წარმატებული ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკა.

შეიძლება ვისაუბროთ, რომ საზოგადოება მზად არ არის ამგვარი ცვლილების განსახორციელებლად, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ადრეულ ასაკში ქორწინების მასშტაბები და პრობლემის სიმძაფრე. საკანონმდებლო ცვლილებები უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოების მხრიდან მიმღებლობას, თუმცა გვსურს ხაზი გავუსვათ ბავშვის უფლებათა კონვენციისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის პრინციპებს, რომლებიც მიგვითითებენ ბავშვების/გოგონების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, რაც უპირატესია საზოგადოებაში დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებებსა თუ პრაქტიკებთან მიმართებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)