სიახლეები

სახალხო დამცველის რეკომენდაცია ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე გაფრთხილების მექანიზმის გამოყენებასთან დაკავშირებით

2018 წლის 5 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე არაეფექტურ რეაგირებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა.

2017 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი რიგი შემთხვევებიდან დგინდება, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების დროს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები შემაკავებელი ორდერის გამოწერის ნაცვლად გაფრთხილების მექანიზმს იყენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობისგან დასაცავად არსებული სამართლებრივი საშუალებები გაფრთხილების მექანიზმს არ ითვალისწინებს, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები გაფრთხილების ოქმის შედგენის გასამართლებელ არგუმენტად უთითებენ, რომ თავად მსხვერპლს სურდა გაფრთხილებულიყო მოძალადე და შემაკავებელი ორდერის გამოწერაზე უარს აცხადებდა. აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მართებულად, რადგან, როგორც შესწავლილი საქმეებიდან დგინდება, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები მსხვერპლს შემაკავებელი ორდერის არსს არ უხსნიან; ამასთან, არც სახელმძღვანელო პრინციპები არსებობს, რომელიც გენდერული ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა გამოკითხვისა და ინფორმირების წესს დაადგენდა და სპეციფიურად მათ მდგომარეობაზე იქნებოდა მორგებული.

რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს, გამკაცრდეს კონტროლი პოლიციელთა მიერ გაფრთხილების გამოყენებაზე; გაიწეროს ძალადობის მსხვერპლების/დაზარალებულების გამოკითხვისა და ინფორმირების სახელმძღვანელო წესები, რათა ძალადობის მსხვერპლს დაცვისა და დახმარების საშუალებების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია იმგვარად მიეწოდოს, რომ მისი დაცვასა და დახმარების ღონისძიების გატარებაზე უარი არ თქვას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)