სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას. მისასალმებელია, რომ აღნიშნული ხანგრძლივი და რთული პროცესი წარიმართა დაინტერესებულ მხარეთა მეტი ჩართულობისა და გამჭვირვალობის ფონზე, რაც მას დადებითად გამოარჩევს წინა შემთხვევებისაგან. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოება, რომ ნინო გვენეტაძე არის პირველი ქალი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც დაიკავა აღნიშნული თანამდებობა.

წარმატებას ვუსურვებ ნინო გვენეტაძეს მომავალ, ძალზე საპასუხისმგებლო საქმიანობაში. გამოვთქვამ იმედს, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე თითოეულ შემთხვევაში იხელმძღვანელებს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტით, გამჭირვალედ მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს და იმოქმედებს ადამიანის უფლებების პრიმატის გათვალისწინებით. ამავდროულად, ვიმედოვნებ, რომ ნინო გვენეტაძე მნიშვნელოვან პირად წვლილს შეიტანს თითოეული მოსამართლისა და მთლიანად სასამართლო სისტემის გარეშე ზეგავლენისაგან დამოუკიდებლობის ზრდაში და საზოგადოების თვალშიც გააძლიერებს სისტემის ასეთად აღქმას. მართლმსაჯულება არა მხოლოდ უნდა აღსრულდეს, არამედ უნდა ჩანდეს კიდეც, რომ ის აღსრულდა. სამართლიანი სასამართლოს უფლება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი უფლებაა. სწორედ ამ უფლების მეშვეობით რეალიზდება დანარჩენი უფლებები. ვიმედოვნებ, რომ სასამართლო სისტემა გახდება ის ადგილი, სადაც არათუ არავითარი საფრთხე არ დაემუქრება არც ერთი ადამიანის არც ერთ უფლებას, არამედ მოხდება მათი ეფექტიანი დაცვა ყოველგვარი ხელყოფისაგან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)