სახალხო დამცველის განცხადება ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
29 ნოემბერი ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 2004 წლიდან ქალთა უფლებების დამცველთა ღვაწლისა და მათი მიღწევების დასაფასებლად აღინიშნება. საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს და ულოცავს ამ მნიშვნელოვან თარიღს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში მოღვაწე ქალთა უფლებების დამცველებს.
საქართველოში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ ქალთა უფლებადამცველებს, რადგან ხშირ შემთხვევაში სწორედ ისინი დგანან ადამიანის უფლებების სადარაჯოზე და უამრავი ადამიანისთვის წარმოადგენენ იმედს სამართლიანობის მისაღწევად. განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას მათ საქმიანობას იმ პირობებში, როდესაც მაღალია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, კვლავ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს ადრეულ ასაკში ქორწინება, ქალები არ არიან წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე და ხშირია ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები.
ყოველივეს გათვალისწინებით, ქალთა უფლებების დამცველებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რადგან ისინი მუდმივად საუბრობენ და ადვოკატირებენ ისეთ საკითხებს, რომელიც კვლავ უხერხულობას და წინააღმდეგობას იწვევს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. შესაბამისად, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი განსაკუთრებულ მადლობას გამოხატავს იმ აქტივისტების მიმართ, რომლებიც ხშირად ძალადობას და დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმებსაც კი განიცდიან და მაინც აგრძელებენ ბრძოლას ადამიანის უფლებების დასაცავად.
მისასალმებელია, რომ ამ დღის აღნიშვნა საქართველოში სწორედ ქართველი ფემინისტისა და აქტივისტის კატო მიქელაძის სახელს უკავშირდება. ქალთა ფონდმა 2013 წლიდან დააარსა ყოველწლიური პრემია საქართველოში, რომლის მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება; ასევე, მათი გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის და მხარდაჭერა შემდგომ საქმიანობაში.
გასულ წელს კატო მიქელაძის პრემია სახალხო დამცველის მოადგილეს ეკატერინე სხილაძეს გადაეცა, რომელიც მრავალი წელია მუშაობს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. პრემიის შედეგად მიღებული თანხა ყვარლის მუნიციპალიტეტში სამკითხველოს გახსნას მოხმარდა.
მიმდინარე წელს პრემია გათვალისწინებულია რეგიონში მცხოვრები და მომუშავე აქტივისტებისთვის, რომლებიც ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობენ.