სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატი ფემიციდის შემთხვევებზე ზედამხედველობას განახორციელებს

2017 წლის 13 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელთან საქართველოში ერიკა კვაპილოვასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ქალთა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით კი გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების შემაშფოთებელ მასშტაბებზე და ფემიციდის შემთხვევებზე ზედამხედველობის განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის განცხადებით, 2016 წლის განმავლობაში 21 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ ქმარმა, გულმკერდის არეში დანით მიყენებული 8 ჭრილობის შედეგად ადგილზე მოკლა ცოლი და 2017 წელს ეს პირველი შემთხვევა არ არის.

უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, არ არსებობს სახელმწიფოს ერთიანი ხედვა შემთხვევათა პრევენციის, რისკების შეფასების მექანიზმებისა და განმეორებითი ძალადობის შემთხვევათა თავიდან აცილების შესახებ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ კვლავ არ ხდება დეტალური სტატისტიკური მონაცემების წარმოება, ანალიზი და მასზე დაყრდნობით პრევენციული ღონისძიებების წარმართვა.

ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დუბრავკა სიმონოვიჩმა ჯერ კიდევ 2015 წელს მოუწოდა სახელმწიფოებს, მიზანმიმართულად იმუშაონ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე, შექმნან ფემიციდის შემთხვევებზე ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემა, ყოველი წლის 25 ნოემბერს კი, წარმოადგინონ შემთხვევათა დეტალური ანალიზი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

ვაცნობიერებთ რა ფემიციდის, როგორც დანაშაულის სიმძიმეს და უარყოფით გავლენას ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და ვიზიარებთ რა გაეროს სპეციალური მომხსენებლის რეკომენდაციას ფემიციდის მონიტორინგის სისტემის შექმნის შესახებ, ვაცხადებ, რომ სახალხო დამცველი იქნება ის ინსტიტუტი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ყველა შემთხვევას, მისთვის კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

მონიტორინგის პროცესში სახალხო დამცველის აპარატი განახორციელებს სასამართლოს გადაწყვეტილებათა დეტალურ ანალიზს, რათა შეფასდეს ფემიციდის პრობლემის რეალური მასშტაბები, გამოყენებული დაცვისა და პრევენციის ღონისძიებები და პრობლემის სახელდებისას არსებული ხარვეზები; ამასთან, შეისწავლის სამართალდამცავ უწყებებში მიმდინარე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ არსებულ ინფორმაციას და სტატისტიკურ მონაცემებს.

„ფემიციდის მონიტორინგი მნიშვნელოვანი და ქმედითი მექანიზმი იქნება დანაშაულის პრევენციის საქმეში“, – განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ და მადლობა გადაუხადა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს – მსოფლიოში მეორე ომბუდსმენის აპარატს (არგენტინის შემდეგ), რომელმაც ფემიციდის მონიტორინგის შესრულება იტვირთა.

უჩა ნანუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ფემიციდის შემთხვევებზე ზედამხედველობის განხორციელებისას სახელმწიფო, არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ სახალხო დამცველის აპარატთან.

13.04.17

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)