სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ

2017 წლის 29 მაისს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობის,დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, აკადემიისა და მედიის წარმომადგენლებს „ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობისა“ და „ოჯახში ძალადობისგან დამცავი მექანიზმების“ შესახებ სპეციალური ანგარიშები წარუდგინა.

„ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ“ სპეციალური ანგარიში სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ხაზს უსვამს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ინკლუზიური, წარმომადგენლობითი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლისგან განსხვავებით, ანგარიშის მომზადებისას მთავარ პრობლემას წარმოადგენდა გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის სრულად და დროულად მოწოდება რაც, გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობისათვის ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია და მიანიშნებს იმაზე, რომ რიგ უწყებებში ინფორმაციის შეგროვებისა და გაანალიზების კუთხით არსებობს სისტემური ხარვეზი.

საანგარიშო პერიოდში შემაშფოთებელი იყო ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკის გამოვლენა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დაფარულ პრობლემას წარმოადგენდა. აღნიშნული საკითხები, სახელმწიფოს მხრიდან კოორდინირებულ, თანმიმდევრულ და საჭიროებებზე დაფუძნებულ რეაგირებას მოითხოვს.

მისასალმებელია, რომ 2017 წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან გარანტიას შექმნის ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სფეროში. თუმცა, 2016 წელს, გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო სივრცის დახვეწისკენ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

საანგარიშო პერიოდში, წინა წლის მსგავსად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხს. სამწუხაროდ, მე-9 მოწვევის პარლამენტში ქალთა მონაწილეობა, სპონტანური და არა დაგეგმილი ზრდის შედეგად, კვლავ ძალიან დაბალი რჩება.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ასევე მოხდა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე დასაქმებულთა რაოდენობის შეფასება და მონაცემთა გენდერული ანალიზი, რაც ცხადყოფს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გენდერულ ჭრილში თითქმის თანაბარია, თუმცა საგანგაშოა ქალთა დაბალი წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.

ანგარიშში ასევე საუბარია ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. სახალხო დამცველი ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ფორმალურ ხასიათს უსვამს ხაზს, რადგან საკანონმდებლო ნორმები რეალურად არ აისახება იმ ადამიანებზე, ვინც ყოველდღიურად სისტემური ძალადობის, შევიწროების, დევნისა და შეუწყნარებლობის მსხვერპლია.

სახალხო დამცვლის მიერ ქალთა მიმართ ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შეფასება მოხდა საქართველოში არსებული ხუთი თავშესაფრის მონიტორინგისა და დამცავი და შემაკავებელი ორდერების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე. სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებლის ზრდის ფონზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს ძალისხმევას მსხვერპლისთვის დაცვის მექანიზმების სახით ეფექტური სერვისის მიწოდებისა და განმეორებითი ძალადობისგან დაცვის კუთხით.

შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ძალადობისგან დაცვის სერვისები ცალსახად საჭიროებს დახვეწას მსხვერპლთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისა და დასაქმების მიმართულებით, რაც მხოლოდ თავშესაფრის სერვისის ფუნქციონირებით ვერ მიიღწევა. კვლავ დგას გამოცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერების დროული და ეფექტური მონიტორინგის პრობლემა.

იხილეთ სპეციალური ანგარიში „ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და გენდერული თანასწორობა''

29.05.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)