სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ქალთა სამართლებრივი საჭიროებების შესახებ კვლევის პრეზენტაციას დაესწრო

2015 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი საჭიროებების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო და მონაწილეებს მიესალმა.

გამოსვლისას პაატა ბელთაძემ მადლობა გადაუხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციას საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის განხორციელებული საქმიანობისათვის. ასევე ისაუბრა ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობისა და ამ პროცესებში მათი სამართლებრივი საჭიროებების შესახებ. „ხშირად გვესმის მოსაზრება, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში მაღალია ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების მაჩვენებელი და ამ პრობლემის გაიგივება არასწორად ხდება ტრადიციებსა და რელიგიურ წეს–ჩვეულებებთან, როდესაც უთანასწორობის გამომწვევი ძირითადი მიზეზი უფლებების არ ცოდნა, ინფორმაციასა და სერვისებზე დაბალი ხელმისაწვდომობაა“ – აღნიშნა გამომსვლელმა.

აღსანიშნავია, რომ კვლევა ჩატარდა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში, 2015 წელს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)