სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის პასუხი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაზე

2014 წლის 9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ოჯახში ძალადობის შემთხვევებისას ხელწერილების გამოყენების არაეფექტურობასთან დაკავშირებით მიმართა. წერილში აღწერილი იყო ორი შემთხვევა, როცა ძალადობის მაღალი რისკის მიუხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ გამოყენებულ იქნა ხელწერილი და გაფრთხილება.

საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის მთავარ მიზანს წარმოადგენდა შსს მინისტრის ინფორმირება მომხდარი ფაქტების შესახებ, რათა ის მცირე ხარვეზებიც ყოფილიყო აღმოფხვრილი, რომლებიც ხელს უშლის მსხვერპლთა ეფექტური დაცვის უზრუნველყოფას.

სამწუხაროდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომ თითქოს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული მიმართვა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ უახლეს მდგომარეობას არ ასახავს; ასევე, არარეალურია მასში დაფიქსირებული მოლოდინები პრობლემის დაძლევის მიმართ.

მისასალმებელია სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები და ღონისძიებები, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში პასუხი არ გაეცა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მიწოდებულ არცერთ შემთხვევას.

სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი ფაქტები უტყუარია, რეალური და ამავდროულად უახლეს ტენდენციას ასახავს, რადგან მოიცავს ოქტომბერი–დეკემბრის პერიოდში მომხდარ შემთხვევებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის დასტურად, დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია იხილოს ის შემთხვევები, რისი შესწავლაც ცხადყოფს ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების არაეფექტურ გამოყენებას. ასევე, თვალსაჩინოს ხდის პრობლემის რეალურ არსებობასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ჩართულობას საჭიროებას:

  1. 2014 წლის 17 ოქტომბერი, მ.წ.–ს საქმე – ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის მკვლელობა. ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის ფაქტებზე პოლიციაში ორჯერ მიმართვისას მხოლოდ ხელწერილი და გაფრთხილება იქნა გამოყენებული;
  2. 2014 წლის 24 ოქტომბერი, ლ.ჩ.–ს საქმე - განცხადებით მოგვმართა მოქალაქე ნ.ჩ–მ, რომელმაც მიუთითა, რომ მის შვილზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა ყოფილი მეუღლე, ემუქრებოდა მას და მისი ოჯახის წევრებს სხვადასხვა საშუალებებით. ერთ-ერთი ასეთ ფაქტის დროს გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. პოლიციის მხრიდან მოძალადე გაფრთხილებული იქნა ხელწერილით, რათა არ შესულიყო კონფლიქტში ლ.ჩ–სთან და მის ოჯახის წევრებთან;
  3. 2014 წლის 7 ნოემბერი, თ.კ.–ს საქმე – ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობრივი ქმედება (ფიზიკური და ფსიქოლოგიური). 2014 წლის 23 ივნისს მოხდა ცემის ფაქტი და მეზობლებმა გამოიძახეს პატრული. ამის შემდგომ სახლში მოძალადე კიდევ 2–ჯერ მივიდა საჩხუბრად, ორივე შემთხვევაში გამოძახებულ იქნა პატრული: პირველი შემთხვევა მოხდა 8 ივლისს, მეორე – 10 აგვისტოს; მსხვერპლმა მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა, თუმცა პოლიციელების მხრიდან ეთქვა უარი ფაქტის არდაფიქსირების გამო. ორივე შემთხვევაში შედგა ოქმები;
  4. 2014 წლის 9 დეკემბერი, ფ.გ–ს საქმე – განმცხადებელზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა შვილების მხრიდან. განმცხადებელს სამართალდამცავი ორგანოებისთვის ჰქონდა მიმართული. შედეგად, შესაბამისი უბნის ინსპექტორმა დააწერინა ხელწერილი შვილებს და სიტყვიერად გააფრთხილა ისინი, ხოლო განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, შესაბამისი დოკუმენტების არწარმოდგენის გამო;
  5. 2014 წლის 17 დეკემბერი, ნ.გ.–ს საქმე – ყოფილი მეუღლის მხრიდან შესაძლო ძალადობრივი ქმედება: განმცხადებლის ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე არაერთხელ იქნა გამოძახებული საპატრულო პოლიცია, თუმცა მათი მცდელობა, მომხდარიყო განრიდება უშედეგო აღმოჩნდა და დღემდე ძალადობრივი ქმედებები გრძელდება.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)