სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! ვისურვებდი, რომ საქართველოში, ამ დღის აღნიშვნა დაკავშირებული იყოს ქალთა მოძრაობის ისტორიის და მიღწეული შედეგების გააზრებასთან. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება, რაც უარყოფითად აისახება ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე.

საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობის დასაძლევად ბოლო წლების მანძილზე მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ რჩება პრობლემები, რომელიც სახელმწიფოს მყისიერ ჩარევას და რეაგირებას საჭიროებს. მძიმეა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებული ვითარება. თანასწორობის უფლების რელიზების მიმართულებით კი ქალები ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ.

გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში აუცილებელია ხელი შეეწყოს ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობის ზრდას, რადგან აღნიშნული პირდაპირ კავშირშია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მაჩვენებელთან. ასევე, სახელმწიფომ უნდა გაიაზროს თუ როგორ აისახება მისი პოლიტიკა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის, გენდერული იდენტობის და სოციალური კუთვნილების მქონე ქალებზე და ყველა ზომას მიმართოს, რათა უპასუხოს მათ განსხვავებულ საჭიროებებს.

სახალხო დამცველი სოლიდარობას გამოხატავს ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმილ სხვადასხვა ტიპის აქციისა თუ მსვლელობის მიმართ და ხაზს უსვამს, რომ ქალთა და ტრანსგენდერ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ინიციატივები მოიაზრებს ინტერსექციური და საჭიროებებზე დაფუძნებული პრობლემების გაჟღერებას.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა ქალს 8 მარტს და მოუწოდებს საზოგადოებას და სახელმწიფო უწყებებს, გაიღონ მეტი ძალისხმევა ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)