სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და მისი აღნიშვნა ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას უკავშირდება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, 1990 წელს განხორციელდა. სოლიდარობის გაცხადებისა და ძალადობის დაგმობისაკენ მიმართული დღის აღნიშვნას, სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად სდევს ძალადობრივი და სიძულვილით მოტივირებული ქმედებები ლგბტი ადამიანებისა და მათი მხარდაჭერების მიმართ.

საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები, სიძულვილის ენის გამოყენება, გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული უთანასწორო მოპყრობისა და უფლებადარღვევის ფაქტები. ლგბტი ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებებით სარგებლობისას, როგორიცაა განათლება, დასაქმება, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა.

არსებული პრობლემების საპასუხოდ, სახელმწიფოს მიერ, ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები კვლავ მინიმალურია და ფორმალურ ხასიათს ატარებს. საქართველოს სახალხო დამცველი მუდმივად მიუთითებდა 2013 წლის 17 მაისს მომხდარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების წარმართვასა და ლგბტი ადამიანების წინაშე მდგარი სხვა გამოწვევების გადაჭრის აუცილებლობაზე, თუმცა, სამწუხაროდ მთელი რიგი რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია.

იმედს ვიტოვებთ და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, რომ წარსული გამოცდილებისა და მიყენებული ზიანის პირობებში, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მოხდება ძალადობის მოსალოდნელი საფრთხეების სწორი შეფასებისა და უსაფრთხოების წესების მაღალი დაცვით. ამასთან, მნიშვნელოვანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ დღის აღნიშვნის არსისა და მნიშვნელობის შესახებ, საზოგადოებაში ლგბტი თემის მიმართ არსებული ჰომოფობიური წინასწარგანწყობების შესამცირებლად.

სახალხო დამცველის რწმუნებულები 17 მაისს, მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნებათ 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს ნომერზე 14–81.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)