საქართველოს სახალხო დამცველი საერთაშორისო კამპანიას „კაცები ზრუნავენ“ შეუერთდა
2016 წლის 8 ივლისს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის ინიციატივით კამპანია „კაცები ზრუნავენ“ დაიწყო. კამპანიის პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
სახალხო დამცველმა ისაუბრა გენდერული თანასწორობის მიღწევის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ განუზომელია მამების როლი შვილების აღზრდაში, თუმცა სამწუხარო რეალობაა, რომ კაცები ნაკლებად არიან ჩართულნი და ნაკლებად ზრუნავენ მათზე. ხოლო დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპები და ბარიერები მათი დამოკიდებულებების განსაზღვრის საწინდარია. ასევე იმედი გამოთქვა, რომ კამპანია დიდ როლს შეასრულებს პოზიტიური ცვლილებების მიღწევაში.
„ჩემთვის დიდი პატივია შემოვუერთდე კამპანიას და ჩემი, როგორც სახალხო დამცველის, მეუღლის და მამის წვლილი შევიტანო გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესებში“, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კამპანია მიზნად ისახავს, წაახალისოს კაცების, როგორც მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი ქალთა თანასწორობას და თანაბრად გადაინაწილონ საოჯახო საქმე.
„კაცები ზრუნავენ“ (MenCare) გლობალური კამპანიაა, რომელიც აქტიურად ხორციელდება მსოფლიოს 35–ზე მეტ ქვეყანაში. ინიციატორები კამპანიაში ჩასართავად ყველა იმ კაცს იწვევენ, ვისთვისაც გენდერული თანასწორობა, მზრუნველობა, ჯანსაღი გარემოს შექმნა და პასუხისმგებლობის განაწილება მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს.