სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევებს ეხმაურება

შემაძრწუნებელი დანაშაულებრივი ფაქტების შემსწრე გავხდით ბოლო დღეების განმავლობაში. ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევებმა არნახულ სისასტიკეს მიაღწია. მომხდარი ფემიციდის შემთხვევები არ არის მხოლოდ კონკრეტული ოჯახების ტრაგედია, ესაა მთელი საზოგადოების ტკივილი და პრობლემა, რომელთანაც გამკლავება ვერ შევძელით.

ბოლო წლებში ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის რაოდენობრივი მაჩვენებლების შეჯამებით გამოიკვეთა, რომ შემთხვევათა უმრავლესობა ჩადენილია პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან პირის მიერ, რომელსაც უარი ეთქვა პარტნიორულ ურთიერთობაზე. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის მაღალ მაჩვენებელზე.

აღნიშნული პრობლემის სიმძაფრისა და მასშტაბების მიუხედავად, არსებული კანონმდებლობა და სამოქმედო გეგმები პრაქტიკაში ეფექტური განხორციელების პრობლემის წინაშე დგას. ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა საკანონმდებლო და ინსტიტუციური სივრცის დახვეწისათვის. ოჯახში ძალადობისაგან დამცავი მექანიზმების გამოყენების მაჩვენებელი და შესაბამისი უწყებების მხრიდან აქტივობა კვლავ არ პასუხობს არსებულ საჭიროებებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 12 ივლისს, თბილისში მომხდარი მკვლელობის შემთხვევამდე მსხვერპლს მიმართული ჰქონდა სამართალდამცავი უწყებისადმი, რომელიც ხელწერილის გამოყენებით შემოიფარგლა. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის არაერთი მოწოდების მიუხედავად, ხელწერილების მავნე პრაქტიკა კვლავ არ აღმოფხვრილა, რასაც სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი შემთხვევებიც ცხადყოფს. ასევე არ ხორციელდება რისკების ინდივიდუალური შეფასება, რაც განმეორებითი შემთხვევების თავიდან აცილების შესაძლებლობებს შექმნიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოვუწოდებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოკლეს დროში გააკეთოს მკაფიო განმარტება.

გარდა აღნიშნულისა, კვლავ ბუნდოვანია სოციალური მუშაკების როლი და მათი ჩართულობა ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესწავლის პროცესში; არ ხორციელდება ეფექტური მონიტორინგი განმეორებითი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით; არაერთი მოწოდების თუ დაპირების მიუხედავად, არ მომხდარა ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ კონვენციის რატიფიცირება, რომელიც უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს შეიტანდა არსებულ მექანიზმებში. ამ ფონზე კი განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა ვერ დაინახეს ფემიციდის დეფინიციის საჭიროება და მხარი არ დაუჭირეს საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივას, რომელიც კიდევ ერთხელ გაუსვამდა ხაზს საკითხის აქტუალობასა და მნიშვნელობას.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შექმნილი ვითარების ფონზე, დაუყოვნებლივ მოხდეს შესაბამისი უწყებების მხრიდან დროული, ეფექტური და ანგარიშვალდებული ღონისძიებების განხორციელება. საგანგებო ყურადღება დაეთმოს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური კონფლიქტის თითოეულ შეტყობინებას და გატარდეს ყველა შესაბამისი ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციისათვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)