სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის ოფიციალურ ვიზიტს ეხმიანება

2016 წლის 15–19 თებერვალს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ – დუბრავკა სიმონოვიჩი იმყოფებოდა. სპეციალური მომხსენებელმა შეხვედრები გამართა სამთავრობო უწყებების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან; ასევე, იმყოფებოდა კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სპეციალური მომხსენებლის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, სპეციალურმა მომხსენებელმა პირველადი რეკომენდაციები 19 თებერვალს გამართულ პრეს–კონფერენციაზე წარადგინა. საბოლოო ანგარიში კი, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 32–ე სესიაზე, ივნისის თვეში წარედგინება.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება სპეციალური მომხსენებლის მიერ წარმოდგენილ უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს და სრულად იზიარებს მათ სულისკვეთებას. აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციები თანხვედრაშია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე განხორციელებულ შესწავლის შედეგებთან და ეხმიანება იმ გამოწვევებს, რაც საქართველოს წინაშე ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით დგას.

პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, სპეციალურმა მომხსენებელმა ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ერთიანი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მნიშვნელობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხაზი გაუსვა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მომზადებული სტატისტიკური მონაცემების მნიშვნელობას და მოუწოდა სახელმწიფოს, შეიმუშაოს ერთიანი სტანდარტი ასეთი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზისათვის. განსაკუთრებით, ქალთა მკვლელობების შემთხვევებთან დაკავშირებით.

სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული შეხედულებები და ტაბუ, რაც ქალებს არ აძლევს საშუალებას მიმართოს პოლიციას. გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა დამცავი ორდერების სიმცირეზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პოლიციელები გახდნენ უფრო მეტად პროაქტიულები, რათა დროულად მოხდეს პრევენციული ღონისძიებების გატარება.

დუბრავკა სიმონოვიჩმა ისაუბრა გენდერული ნიშნით ძალადობის ისეთ ფორმაზე, როგორიცაა ადრეულ ასაკში ქორწინება და აღნიშნა, რომ მართალია, კანონმდებლობა დაიხვეწა, თუმცა, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში იყოს მზაობა და გავრცელდეს ინფორმაცია შესაძლო რისკებთან დაკავშირებით.

ამასთან, სიმონოვიჩმა ხაზი გაუსვა ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას გადაწყვეტილების მიმღებ დონეებზე; მხარი დაუჭირა სავალდებულო კვოტირებას და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ეს ინიციატივა გაზრდის ქალთა მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში.

და ბოლოს, სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზება, რათა მოხდეს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების დროული პრევენცია და ხელი შეეწყოს ასეთი ფაქტებისადმი საზოგადოებაში არსებული მიმღებლობის ცვლილებას.

საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება სპეციალური მომხსენებლის წარმოდგენილ რეკომენდაციებს და იმედოვნებს, რომ სახელმწიფო უწყებების მიერ მოხდება აღნიშნული საკითხების გათვალისწინება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პოლიტიკის, სერვისებისა და დაცვის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ყველა ეტაპზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)