სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადებას

მივესალმები და ვუერთდები პრეზიდენტის მნიშნელოვან ინიციატივას, რომელიც 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადებას ითვალისწინებს. უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, რაც ქალთა მკვლელობების 20–ზე მეტ შემთხვევას უკავშირდება, კიდევ ერთხელ დაგვანახა ქალთა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელი ზომების აუცილებლობა. ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული არაერთი ნაბიჯის მიუხედავად, გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ეს ინიციატივა კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების ინტერესს და წინ წამოწევს საკითხის მნიშვნელობას; კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა როლი თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებაში და რა წვლილი შეაქვთ მათ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.

მნიშვნელოვანია სიმბოლურ დატვირთვასთან ერთად 2015 წელი იყოს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის რეალური გაუმჯობესების წელი. უნდა ვიზრუნოთ, რომ შემცირდეს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, გაუმჯობესდეს შრომითი უფლებები, ხელმისაწვდომობა სერვისებთან.

ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტის ეს ინიციატივა დადებით ზეგავლენას მოახდენს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში და მნიშნელოვანი ცვლილებების მასტიმულირებელი აღმოჩნდება, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა სათანადო მნიშვნელობას მიანიჭებს მას და ყოველდღიურ პროცესებში გაიზიარებს.

აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის 2015 წლის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ქალთა უფლებების დაცვის პროცესში აქტიური მონაწილეობა. ჩვენ გავაგრძელებთ გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირებას როგორც აპარატის საქმიანობაში, ასევე ხელს შევუწყობთ გამოცდილების გაზიარებას სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)