სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კამპანიას „მამაკაცები ქალის უფლებებისთვის“ შეუერთდა

25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული შეხვედრა გამართა. პარალელურად, ოფიციალურად გაიხსნა ახალი გლობალური კამპანია „HeforShe“ - კაცების სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის.

მოძრაობის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიწვევით, საზოგადოებისათვის ცნობილმა 9 კაცმა ხელმოწერით დაადასტურა მოძრაობის ოფიციალური მხარდაჭერა. მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა. ასევე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა, აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანუშ ჰერმანმა, საქართველოს რაგბის კავშირისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა.

ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბებსა და სიმძაფრეზე საქართველოში, აღნიშნა მამაკაცების, როგორც ქალთა უფლებადამცველების ჩართულობის მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა მტკიცე პოზიცია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო მოძრაობაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

მოძრაობა „HeforShe“ (კაცები ქალთა უფლებებისთვის) ოფიციალურად გაიხსნა 2014 წლის 20 ოქტომბერს, გაერთიანებული ერების შტაბბინაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩის მსახიობ ემა უოტსონის გამოსვლით. მოძრაობას შეუერთდნენ აშშ-ის პრეზიდენტი - ბარაკ ობამა, გაეროს გენერალური მდივანი - ბან კი მუნი, მსახიობები - კიფერ საზერლენდი, მეთ დეიმონი და სხვები. ამჟამად კამპანიას მთელ მსოფლიოში მხარს 200 000-მდე, ხოლო საქართველოში 200-მდე კაცი უჭერს.

ფოტოს ავტორი: მაკა გოგალაძე

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)