სამუშაო შეხვედრა თემაზე: სტამბოლის კონვენცია და მონიტორინგის მექანიზმი
2018 წლის 19 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობისსაკითხებზესახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით „სტამბოლის კონვენციის“ მონიტორინგის მექანიზმის დახვეწაზე ისაუბრეს და ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილება გაიზიარეს.
ღონისძიება გახსნა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ. მონაწილეებს მიესალმა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველისთვის ერთ–ერთი პრიორიტეტი ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობისმიმართულებით მუშაობაა.
სახალხო დამცველის განცხადებით, მიუხედავად უკვე გადადგმული სერიოზული ნაბიჯებისა – გაზრდილია შეტყობინების, შემაკავებელი ორდერების გამოცემის, წინასწარი პატიმრობის მაჩვენებლები, სამწუხაროდ დადებითი ცვლილებები მაინც არ გვაქვს და ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ მცირდება.
„ჩვენ ვხედავთ ყველა ეტაპზე პრობლემას. პრობლემაა საზოგადოების ცნობიერება, თუმცა შეტყობინების მაღალი მაჩვენებელი მიანიშნებს, რომ ქალებმა დაიწყეს ხმამაღლა საუბარი ამის შესახებ; პრობლემას ვხედავთ გამოძიების ეტაპზე, ქალთა მკვლელობების საკითხებზე მონიტორინგის და შეფასების სისტემა კი მხოლოდ ახლა ინერგება. პრობლემას ასევე ვხედავთ სასამართლო ეტაპზე, ვინაიდან სასამართლო სამწუხაროდ არ მსჯელობს დანაშაულის დისკრიმინაციულ, გენდერულ ხასიათზე. ამიტომ, მნიშნელოვანია რომ გენდერული ნიშანი იყოს იდენტიფიცირებული“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ქალთა დაცვის მექანიზმების სიმცირეზე საუბრისას ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ მოძალადის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ქალები თავს დაუცველად გრძნობენ. სარეაბილიტაციო ღონისძიებები საკმარისი არ არის არც თავშესაფარში მყოფი ქალებისთვის და მათი უმეტესობა კვლავ მოძალადეს უბრუნდება, მითუმეტეს, რომ წასასვლელი არსად აქვს.
სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი გაატარებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ქალთა მიმართ ძალადობის, შევიწროვებისა და მათ შორის სექსუალური შევიწროების პრობლემების აღმოსაფხვრელად.
სამუშაო შეხვედრას გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე უძღვებოდა.
შეხვედრაზე განიხილეს კონვენციის ძირითადი პრინციპები და სტანდარტები; ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) როლი და გაიზიარეს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მაგალითები და გამოცდილება. ხაზი გაუსვეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების როლს კონვენციის მონიტორინგის პროცესში. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის განხორციელებისა და მონიტორინგის ფარგლებში გაიმართა.