სიახლეები

სახალხო დამცველმა საქართველომ თანასწორობის თაობის გლობალურ მოძრაობასთან მიერთებისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

2021 წლის 30 ივნისს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს მხრიდან თანასწორობის თაობის გლობალურ მოძრაობას მიერთებასა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის ახალი ვალდებულებებს აღებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, გაეროს მოსახლეობის ფონდის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალურად განაცხადეს აღებული ვალდებულებების შესახებ.

სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა ისაუბრა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის დაბალ ინდექსზე, პანდემიის ნეგატიურ გავლენაზე გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ფემიციდის მაღალ მაჩვენებელზე, ფორმალური განათლების სისტემაში რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის და უფლებების ინტეგრირების აუცილებლობაზე.

„დისკრიმინაციას, ჩაგვრას თუ უფლებების დარღვევას ყველაზე მეტად ხანდაზმულები, სოფლად მცხოვრები, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, ტრანსგენდერი ქალები განიცდიან. სახელმწიფოში არსებული რეგულაციები, სერვისები თუ ღონისძიებები ყველაზე ნაკლებად სწორედ ამ ჯგუფებზე ვრცელდება. სახელმწიფოს მხრიდან კი განსაკუთრებულ ყურადღებას მათი თანასწორუფლებიანობის დაცვა უნდა წარმოადგენდეს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, გაეროს მოსახლეობის ფონდს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას საქართველოში თანასწორობის ხელშეწყობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.


©️ ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)