სიახლეები

სახალხო დამცველის წარმომადგენლები კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ

2021 წლის 28 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა სოფიო რუსეცკიმ და მერი კოჭლამაზაშვილმა კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და შეფასება წარმოადგენდა.

მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, რომელიც განსაკუთრებით დამძიმდა კოვიდ პანდემიის პირობებში. ხაზი გაუსვეს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ვაქცინაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ადგილზე კვალიფიციური საბაზისო სამედიცინო მომსახურების მიღების საკითხებს. ასევე, გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამედიცინო პერსონალის დეფიციტი და არასაკმარისი, მოძველებული სამედიცინო აპარატურა, მათ შორის სამშობიარო სახლებში.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ისაუბრა კოვიდ პანდემიის გავლენაზე ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე. აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა პირველადი საჭიროების ნივთებზე, (მედიკამენტებზე, ბავშვთა კვების პროდუქტებზე) მისაწვდომობა, გართულდა ძალადობის მსხვერპლთათვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სერვისის მიღება, გაუარესდა ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა და განათლებაზე სრულფასოვანი წვდომა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)