სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ

პოლიტიკოს ქალზე კიდევ ერთი თავდასხმა, დისკრედიტაციის მცდელობა და სისტემური იარაღი ქალების წინააღმდეგ. ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ სახელმწიფოში ქალ საჯარო პირებს მოღვაწეობა უწევთ. შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით იქცა სისტემურ პრობლემად, ამის საპასუხოდ კი მხოლოდ მიმდინარე გამოძიებები გვაქვს, რომლის შესახებაც საზოგადოება სათანადო ინფორმაციასაც ვერ იღებს.
სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს დანაშაული გენდერულად მოტივირებულია და მიმართულია ძირითადად ქალი პოლიტიკოსებისკენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ხაზი გაუსვას დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივს, რათა სათანადო პასუხი გაეცეს ამგვარი დანაშაულის ჩამდენ პირებს, და მომავალში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება პოლიტიკურ სისტემაში ქალთა დისკრიმინაციისა და ჩაგვრის იარაღი არ გახდეს.


საზოგადოებას კარგად ახსოვს 2016 წლის 11 და 14 მარტს მომხდარი ანალოგიური დანაშაული, თუმცა, ამ დრომდე უცნობია გამოავლინა თუ არა პროკურატურამ დამნაშავეები, რომლებმაც უშუალოდ ეს კადრები შექმნეს და ინტერნეტ სივრცეში თვითონ ან სხვა პირების მეშვეობით გაავრცელეს.


სახელმწიფოს ვალდებულებაა, გაატაროს მკაცრი პოლიტიკა და დასაჯოს დამნაშავე პირები. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება, შენახვა თუ დაარქივება სისხლის სამართლის დანაშაულია და უმკაცრეს სასჯელს ითვალისწინებს.


პირადი ცხოვრებით შანტაჟის წინააღმდეგ უნდა დაიგეგმოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება პრობლემის გადაჭრისკენ, რისკის შემცირებისკენ (ინფორმაციის ოპერატიულად შეტყობინების მექანიზმი, მასალის სწრაფად დაბლოკვის გზები და ა.შ.) და ცნობიერების ამაღლებისკენ. აუცილებელია სახელმწიფო ორგანოებმა საფუძვლიანად იმუშავონ ამ მიმართულებით, ვინაიდან ქმედითი ნაბიჯების გარეშე შეუძლებელია პრობლემის ძირეული აღმოფხვრა და საკითხის აქტუალიზაცია მხოლოდ გარკვეული პერიოდულობით ხდება.


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამართალდამცავებს მოუწოდებს დროულად გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ დანაშაულის ჩამდენი პირები, საზოგადოებას კი სთხოვს პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების მიუხედავად, გვერდში დაუდგეს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ტიპის შანტაჟის მსხვერპლი გახდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)