საინფორმაციო შეხვედრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებთან
2017 წლის სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა აჭარის, იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში ოჯახში ძალადობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
შეხვედრებს ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები, რომლებმაც ისაუბრეს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მისაწვდომობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, მათი საჭიროებების უგულებელყოფისა და სტერეოტიპული დამოკიდებულებებზე. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სამედიცინო დაწესებულებებში არსებული არაადაპტირებული გარემო.
შშმ ქალების თქმით, მათთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სექსუალური შევიწროების პრობლემა. კერძოდ, აღნიშნეს, რომ ხშირად გამხდარან არასასურველი მზერის, რეპლიკისა და შეხების მსხვერპლნი საჯარო სივრცეში, რასთან გამკლავებაც საკუთარი ძალებით უწევთ.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის, ოჯახის დაგეგმვის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების, ასევე სახალხო დამცველის მანდატის და უფლებამოსილების შესახებ.
შეხვედრები სახალხო დამცველის აპარატის და გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთობლივი პროექტის „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებების“ ფარგლებში ჩატარდა.